25/04/2026
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებათა ციკლი ფაკულტეტების კვირეული წარმატებით ჩატარდა. ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს, როგორც შემეცნებით, ისე გასართობ აქტივობებს და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ორიგინალურად წარმოაჩინონ საკუთარი ფაკულტეტი.
კვირეულის ფარგლებში გამართულმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თითოეულ ფაკულტეტს საკუთარი პროფესიის წარმოჩენის სრულიად განსხვავებული და საინტერესო გზა აქვს.
ღონისძიების ფარგლებში, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორმა, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) წევრმა ლია სანოძემ გამართა ლექცია თემაზე: „განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის საჭიროება ოდონტოლოგიაში“, რომელმაც სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სტომატოლოგიის ფაკულტეტი კი, როგორც ყოველთვის, გამორჩეული და კრეატიული იყო, რამაც კვირეულს განსაკუთრებული ენერგია შემატა.
პროექტის დასასრულს შვიდ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები, ხოლო ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისა და გამოხატული მხარდაჭერისთვის მოწვეულ სპიკერებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
მადლობა თსსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და ჩვენს სტუდენტებს აქტიური ჩართულობისთვის!❤️