26/05/2024
"სიკვდილის შიში, ყველანაირ ტკივილს ავიწყებს ადამიანს."
თეოდორ დოსტოევსკი
— აბა, განსაჯეთ: ვთქვათ, კაცს აწამებენ; ამ დროს ტანჯვა, ჭრილობები, ხორციელი ტკივილი აწუხებს, ეს ყველაფერი კი სულიერ ტანჯვას ავიწყებს, ასე რომ სულის ამოხდამდე მხოლოდ ჭრილობები ტანჯავს.
მაგრამ ყველაზე დიდი, ყველაზე გაუსაძლისი ტკივილი იქნებ ჭრილობა არც იყოს, იქნებ ის არის, რომ დანამდვილებით იცი, აგერ ერთი საათის, მერე ათი წუთის, მერე ნახევარი წუთის, მერე, აი, ამ წუთს სიცოცხლეს გამოესალმები, ადამიანი აღარ იქნები და ეს უეჭველია. სწორედ ესაა მთავარი, რომ უეჭველია. აი, თავს რომ დადებ დანის ქვეშ, გესმის, როგორ დაცურდება ის შენს თავზე, სწორედ ეს მეოთხედი წამია ყველაზე საშინელი. მაგრამ იცით, რომ ეს მარტო ჩემი ფანტაზია არ არის და ბევრი იძახის ამას? იმდენად მწამს ეს, რომ პირდაპირ გეტყვით ჩემს აზრს. მკვლელობისთვის კაცის მოკვლა დანაშაულს აჭარბებს სისასტიკით. კანონიერი სიკვდილით დასჯა უფრო საშინელია, ვინემ ყაჩაღურად კაცის მოკვლა. ის, ვისაც ყაჩაღები ღამით ჭრიან ყელს ტყეში, ანდა სადმე, გადარჩენის იმედს მაინც არ ჰკარგავს სულ უკანასკნელ წუთამდე. მაგალითები ყოფილა იმისი, რომ ყელგამოღადრულ კაცს მაინც იმედი აქვს, ან გარბის სადმე, ან იხვეწება და ივედრება. აქ კი ამ უკანასკნელ იმედს, რაც ათჯერ უფრო აიოლებს სიკვდილს, გადაჭრით უსპობენ. აქ განაჩენი გამოტანილი გაქვს. ჰოდა, ყველაზე საშინელი საწამებელიც ის არის, რომ იცი, ამას ნამდვილად ვერ ასცდები. ამაზე მეტი ტანჯვა კი რა უნდა იყოს ამქვეყნად. მოიყვანეთ ჯარისკაცი და ბრძოლის ველზე ზედ ზარბაზანს დაუყენეთ პირდაპირ, გინდაც ესროლეთ, იმას მაინც იმედი ექნება გადარჩენის, მაგრამ ამავე ჯარისკაცს რომ სიკვდილის მისჯის განაჩენი წაუკითხოთ, ის ან ჭკუაზე შეცდება, ან ატირდება. ვინ თქვა, რომ ადამიანის ბუნებას შეუძლია ეს აიტანოს და ჭკუაზე არ შეცდეს? რა საჭიროა ადამიანის სულის ასეთი შებღალვა, ასე უგვანოდ, ასე ტყუილ-უბრალოდ? იქნებ იყოს ისეთი კაცი, ვისაც განაჩენი გამოუტანეს, დატანჯეს, გააწამეს და მერე უთხრეს: „წადი, გეპატიოს ბრალიო“. აი ამ კაცს იქნებ ეამბნა მართალი. ამ წამებასა და საშინელებაზე გვეუბნება ქრისტეც. არა, ადამიანს არ შეიძლება ასე მოექცე!"